X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

3 ივნისი 2020

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად სამუშაოები უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით ხორციელდება.

აქტიურად გრძელდება ძალისის, გალავანის, წინამძღვრიანთკარის, ბიწმენდის, ზაქაროს, წილკანის, აღდგომლიანთკარისა და ნავაზის გზების მოასფალტება მცხეთის მუნიციპალიტეტში. რეაბილიტაცია უტარდება საგზაო ინფრასტრუქტურას დაბა თიანეთში და თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ახალსოფელი, ჩაბანო, დულუზაურები, ტუშურები, დევენაანთხევი, ძებნიაურები, თეგერაანები და ლელოვანი. ასევე, მიმდინარეობს გორისციხის, ფხელშესა და კარკუჩის შიდა გზების მოწყობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

მცხეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოასფალტების სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა გორისციხის ხიდის სამშენებლო სამუშაოებიც დაათვალიერეს. ხიდის სიგრძე 33 მეტრი იქნება და ის გორისციხის თემის სოფლებს - ფხელშეს, ტყარშეტსა და გორისციხეს სოფელ ვარდისუბანთან და მუნიციპალურ ცენტრთან დააკავშირებს. ხიდის სამშენებლო სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.